Sunday, June 1, 2008

ჯეკ კერუაკი (1922-1969)

ამერიკელი ნოველისტი, პოეტი და მსახიობი ჯეკ კერუაკი ვილიამ ბეროუზთან და ალენ გინგზბერგთან ერთად ბიტნიკური თაობის ყველაზე ცნობილი მწერალი იყო.
მოღვაწეობის წლებში კერუაკის შემოქმედება, მართალია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კრიტიკოსების დიდ ინტერესს არ იწვევდა. დღეისათვის იგი მიჩნეულია მწერლად, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემოქმედთა მთელ თაობაზე. მათ შორის არიან: ტომ რობინსი, ლესტერ ბენგსი და რიჩარდ ბროტიგანი.
კერუაკის შემოქმედებამ ზეგავლენა მოახდინა მრავალ ისეთ მუსიკოსზე, როგორებიც არიან: ბობ დილანი, ტომ ვეითსი, ჯიმ მორისონი, ბიტლსები და სხვები.კერუაკის ყველზე ცნობილი წიგნებია "გზაზე", "ბიგ სური" და "კოდის ზრახვები".
მართალია, კერუაკს ბიტნიკური მოძრაობის ერთ-ერთ მამამთავრად მიიჩნევენ, თავად მწერალს არ უყვარდა, როცა მის შემოქმედებას რაიმე იარლიყს აბამდნენ. ამასთან, იგი გარკვეული აგრესიითაც კი იყო განწყობილი ჰიპების მიმართ.
მისი წერის მანერაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა იმ დროისათვის პოპულარობის ზენიტში მყოფ ჯაზურ მუსიკას, მეტწილად, ბებოპის ჟანრს.
თავად მწერალი თავის შემოქმედებას ახასიათებდა, როგორც სპონტანურ პროზას.
კერუაკი 47 წლის ასაკში ალკოჰოლის მუდმივად მიღების შედეგად განვითარებული ცეროზის გამო გარდაიცვალა.

No comments: