Sunday, June 1, 2008

ჯეკ კერუაკი (1922-1969)

ამერიკელი ნოველისტი, პოეტი და მსახიობი ჯეკ კერუაკი ვილიამ ბეროუზთან და ალენ გინგზბერგთან ერთად ბიტნიკური თაობის ყველაზე ცნობილი მწერალი იყო.
მოღვაწეობის წლებში კერუაკის შემოქმედება, მართალია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კრიტიკოსების დიდ ინტერესს არ იწვევდა. დღეისათვის იგი მიჩნეულია მწერლად, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემოქმედთა მთელ თაობაზე. მათ შორის არიან: ტომ რობინსი, ლესტერ ბენგსი და რიჩარდ ბროტიგანი.
კერუაკის შემოქმედებამ ზეგავლენა მოახდინა მრავალ ისეთ მუსიკოსზე, როგორებიც არიან: ბობ დილანი, ტომ ვეითსი, ჯიმ მორისონი, ბიტლსები და სხვები.კერუაკის ყველზე ცნობილი წიგნებია "გზაზე", "ბიგ სური" და "კოდის ზრახვები".
მართალია, კერუაკს ბიტნიკური მოძრაობის ერთ-ერთ მამამთავრად მიიჩნევენ, თავად მწერალს არ უყვარდა, როცა მის შემოქმედებას რაიმე იარლიყს აბამდნენ. ამასთან, იგი გარკვეული აგრესიითაც კი იყო განწყობილი ჰიპების მიმართ.
მისი წერის მანერაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა იმ დროისათვის პოპულარობის ზენიტში მყოფ ჯაზურ მუსიკას, მეტწილად, ბებოპის ჟანრს.
თავად მწერალი თავის შემოქმედებას ახასიათებდა, როგორც სპონტანურ პროზას.
კერუაკი 47 წლის ასაკში ალკოჰოლის მუდმივად მიღების შედეგად განვითარებული ცეროზის გამო გარდაიცვალა.

ჰენრი მილერი (1891-1980)

ამერიკელი მწერალი და მხატვარი ჰენრი მილერის დამახასიათებელი თვისება არსებული ლიტერატურული ფორმების უკუგდება და ახალი სტილის რომანის შექმნაა. მისი ნაწარმოებები ავტობიოგრაფიის, სოციალური კრიტკის, ფილოსოფიური ნააზრევის, სურეალიზმისათვის დამახასიათებელი თავისუფლებისა და მისტიციზმის ნაზავს წარმოადგენს. მილერის რომანებში რეალიზმსა და ფანტასტიკას შორის ზღვარი მოხსნილია. მის ნაწარმოებთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პარიზში დაწერილი ტრილოგია: "თხის რქის ტროპიკი", "კიბოს ტროპიკი" და "შავი გაზაფხული".
ჰენრი მილერი დაიბადა ნიუ იორკში , ტეილორ ჰეინრიხისა და ლუის მარი ნიტინგის ოჯახში. ახალგაზდობაში ჰენრი სოციალისტური პარტიის წევრი იყო. მილერის შემოქმედებაში დეტალურად იყო აღწერილი ადამიანტა სექსუალური ცხოვრების მხარე, რის გამოც მისი წიგნების გამოშვება ამერიკაში აკრძალული იყო. 30-იან წლებში მილერი ძირითადად პარიზში ცხოვრობს.
1940 წელს ის ამერიკაში ბრუნდება და კალიფორნიაში, ბიგ სურში სახლდება. ამ პერიოდისათვის მისი წიგნები საფრანგეთში იბეჭდება. ნელ-ნელა მილერის შემოქმედებას შტატებშიც ეხსნება გზა. მისმა რომანებმა დიდი ზეგავლენა იქონისე ბიტნიკების თაობის მწერლებზე (განსაკუთრებით ეს ითქმის ჯეკ კერუაკზე).
მილერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი დაწვეს და ფერფლი ბიგ სურში მიმოაბნიეს.

ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994)

ამერიკელი პოეტი და რომანისტი ჩარლზ ბუკოვსკი სალიტერატურო ასპარეზზე გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა. მას ხშირად ბიტნიკების რიცხვს მიაკუთვნებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბუკოვსი ჰიპერრეალისტია, მისი გმირები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარყვნილი ადამიანები არიან. თითქმის ყველა ნაწარმოების მთავარი გმირი თავად მწერალის პროტოტიპი - ჰენრი ჩინასკია.
ჩარლზ ბუკოვსკი გერმანიის ქალაქ ანდერნახში დაიბადა. დედამისი, კატარინა ფეტი, გერმანელი გახლდათ, მამა - გერმანელ-ამერიკელი სამხედრო. მშობლებმა ახალდაბადებულ შვილს ჰეინრიხ კარლი დაარქვეს და კათოლიკური რელიგიის მიმდევრად ზრდიდნენ.
პირველი მსოფლიო ომისა და გერმანიის ეკონომიკის განადგურების მერე 1923 წელს ბუკოვსკების ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ჰეინრიხ კარლს უკვე ყველა ჩარლზად მოიხსენიებდა.
ლოს ანჯელესის საშუალო სკოლის დახურვის შემდეგ ჩარლი ორი წლის მანძილზე ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის კურსს გადიოდა ლოს ანჯელლესისვე კოლეჯში. აქ სწავლის პერიოდში ბუკოვსკი ნაცისტებს დაუახლოვდა. მისი ცხოვრების ამ პერიოდს ეძღვნება ნოველა "პოლიტიკა"
მეორე მსოლიო ომის მსვლელობისას, 1944 წლის 22 ივლისს, სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევის მცდელობის გამო ბუკოვსკი კა-გე-ბეს აგენტებმა დაიჭირეს. მწერალმა ფილადელფიის ციხეში 17 დღე გაატარა. იმავე წლის აგვისტოში ჩარლზმა ვერ გაიარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტი და სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად გამოცხადდა.
24 წლის ასაკში ამერიკის ჟურნალებში ბუკოვსკის ორი ნოველა დაბიბეჭდა. ამის შემდეგ მწერალს თითქმის 10 წლის მანძილზე არაფერი დაუწერია.ამ პერიოდში იგი ლოს ანჯელესის იაფფასიან სასტუმროებში ცხოვრობდა და დროებითი სამუშაოებით ირჩენდა თავს.
1955 წელს ბუკოვსკი კუჭის წყლულის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჩარლზმა ლექსების წერა დაიწყო. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ბუკოვსკის წერა აღარ შეუწყვეტია. მისი უკანასკნელი რომანის "მაკულატურის" დასრულებიდან მცირე პერიოდში, 73 წლის ასაკში ჩარლზ ბუკოვსკი ლეიკემიისგან გარდაიცვალა. მის საფლავის ქვაზე შემდეგი სიტყვებია წაწერილი: "არ ეცადო".