Sunday, June 1, 2008

ჯეკ კერუაკი (1922-1969)

ამერიკელი ნოველისტი, პოეტი და მსახიობი ჯეკ კერუაკი ვილიამ ბეროუზთან და ალენ გინგზბერგთან ერთად ბიტნიკური თაობის ყველაზე ცნობილი მწერალი იყო.
მოღვაწეობის წლებში კერუაკის შემოქმედება, მართალია, დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ კრიტიკოსების დიდ ინტერესს არ იწვევდა. დღეისათვის იგი მიჩნეულია მწერლად, რომელმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა შემოქმედთა მთელ თაობაზე. მათ შორის არიან: ტომ რობინსი, ლესტერ ბენგსი და რიჩარდ ბროტიგანი.
კერუაკის შემოქმედებამ ზეგავლენა მოახდინა მრავალ ისეთ მუსიკოსზე, როგორებიც არიან: ბობ დილანი, ტომ ვეითსი, ჯიმ მორისონი, ბიტლსები და სხვები.კერუაკის ყველზე ცნობილი წიგნებია "გზაზე", "ბიგ სური" და "კოდის ზრახვები".
მართალია, კერუაკს ბიტნიკური მოძრაობის ერთ-ერთ მამამთავრად მიიჩნევენ, თავად მწერალს არ უყვარდა, როცა მის შემოქმედებას რაიმე იარლიყს აბამდნენ. ამასთან, იგი გარკვეული აგრესიითაც კი იყო განწყობილი ჰიპების მიმართ.
მისი წერის მანერაზე დიდი ზეგავლენა ჰქონდა იმ დროისათვის პოპულარობის ზენიტში მყოფ ჯაზურ მუსიკას, მეტწილად, ბებოპის ჟანრს.
თავად მწერალი თავის შემოქმედებას ახასიათებდა, როგორც სპონტანურ პროზას.
კერუაკი 47 წლის ასაკში ალკოჰოლის მუდმივად მიღების შედეგად განვითარებული ცეროზის გამო გარდაიცვალა.

ჰენრი მილერი (1891-1980)

ამერიკელი მწერალი და მხატვარი ჰენრი მილერის დამახასიათებელი თვისება არსებული ლიტერატურული ფორმების უკუგდება და ახალი სტილის რომანის შექმნაა. მისი ნაწარმოებები ავტობიოგრაფიის, სოციალური კრიტკის, ფილოსოფიური ნააზრევის, სურეალიზმისათვის დამახასიათებელი თავისუფლებისა და მისტიციზმის ნაზავს წარმოადგენს. მილერის რომანებში რეალიზმსა და ფანტასტიკას შორის ზღვარი მოხსნილია. მის ნაწარმოებთაგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია პარიზში დაწერილი ტრილოგია: "თხის რქის ტროპიკი", "კიბოს ტროპიკი" და "შავი გაზაფხული".
ჰენრი მილერი დაიბადა ნიუ იორკში , ტეილორ ჰეინრიხისა და ლუის მარი ნიტინგის ოჯახში. ახალგაზდობაში ჰენრი სოციალისტური პარტიის წევრი იყო. მილერის შემოქმედებაში დეტალურად იყო აღწერილი ადამიანტა სექსუალური ცხოვრების მხარე, რის გამოც მისი წიგნების გამოშვება ამერიკაში აკრძალული იყო. 30-იან წლებში მილერი ძირითადად პარიზში ცხოვრობს.
1940 წელს ის ამერიკაში ბრუნდება და კალიფორნიაში, ბიგ სურში სახლდება. ამ პერიოდისათვის მისი წიგნები საფრანგეთში იბეჭდება. ნელ-ნელა მილერის შემოქმედებას შტატებშიც ეხსნება გზა. მისმა რომანებმა დიდი ზეგავლენა იქონისე ბიტნიკების თაობის მწერლებზე (განსაკუთრებით ეს ითქმის ჯეკ კერუაკზე).
მილერი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ცხედარი დაწვეს და ფერფლი ბიგ სურში მიმოაბნიეს.

ჩარლზ ბუკოვსკი (1920-1994)

ამერიკელი პოეტი და რომანისტი ჩარლზ ბუკოვსკი სალიტერატურო ასპარეზზე გასული საუკუნის 50-იან წლებში გამოჩნდა. მას ხშირად ბიტნიკების რიცხვს მიაკუთვნებენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ბუკოვსი ჰიპერრეალისტია, მისი გმირები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი გარყვნილი ადამიანები არიან. თითქმის ყველა ნაწარმოების მთავარი გმირი თავად მწერალის პროტოტიპი - ჰენრი ჩინასკია.
ჩარლზ ბუკოვსკი გერმანიის ქალაქ ანდერნახში დაიბადა. დედამისი, კატარინა ფეტი, გერმანელი გახლდათ, მამა - გერმანელ-ამერიკელი სამხედრო. მშობლებმა ახალდაბადებულ შვილს ჰეინრიხ კარლი დაარქვეს და კათოლიკური რელიგიის მიმდევრად ზრდიდნენ.
პირველი მსოფლიო ომისა და გერმანიის ეკონომიკის განადგურების მერე 1923 წელს ბუკოვსკების ოჯახი ამერიკაში გადასახლდა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ჰეინრიხ კარლს უკვე ყველა ჩარლზად მოიხსენიებდა.
ლოს ანჯელესის საშუალო სკოლის დახურვის შემდეგ ჩარლი ორი წლის მანძილზე ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის კურსს გადიოდა ლოს ანჯელლესისვე კოლეჯში. აქ სწავლის პერიოდში ბუკოვსკი ნაცისტებს დაუახლოვდა. მისი ცხოვრების ამ პერიოდს ეძღვნება ნოველა "პოლიტიკა"
მეორე მსოლიო ომის მსვლელობისას, 1944 წლის 22 ივლისს, სამხედრო სამსახურისგან თავის დაღწევის მცდელობის გამო ბუკოვსკი კა-გე-ბეს აგენტებმა დაიჭირეს. მწერალმა ფილადელფიის ციხეში 17 დღე გაატარა. იმავე წლის აგვისტოში ჩარლზმა ვერ გაიარა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტი და სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად გამოცხადდა.
24 წლის ასაკში ამერიკის ჟურნალებში ბუკოვსკის ორი ნოველა დაბიბეჭდა. ამის შემდეგ მწერალს თითქმის 10 წლის მანძილზე არაფერი დაუწერია.ამ პერიოდში იგი ლოს ანჯელესის იაფფასიან სასტუმროებში ცხოვრობდა და დროებითი სამუშაოებით ირჩენდა თავს.
1955 წელს ბუკოვსკი კუჭის წყლულის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს. იგი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჩარლზმა ლექსების წერა დაიწყო. 60-იანი წლებიდან მოყოლებული ბუკოვსკის წერა აღარ შეუწყვეტია. მისი უკანასკნელი რომანის "მაკულატურის" დასრულებიდან მცირე პერიოდში, 73 წლის ასაკში ჩარლზ ბუკოვსკი ლეიკემიისგან გარდაიცვალა. მის საფლავის ქვაზე შემდეგი სიტყვებია წაწერილი: "არ ეცადო".

Wednesday, May 14, 2008

ჯერომ დევიდ სელინჯერი (1919)

როცა საქმე ეხება სელინჯერის ბიოგრაფიას, არავის შეუძლია დანამდვილებით ამტკიცოს, რომ მის მიერ მოყანილი ფაქტები სიმართლეს შეესაბამება.
ამის მიზეზი თავად მწერალია, მას არ უყვარს თავის თავზე ლაპარაკი და უარს აცხადებს ნებისმიერ კომენტარზე, რაც მის ბიოგრაფიას შეეხება. ერთადერთი ინტერვუ, რომელსაც სელინჯერი დასთანხმდა, 1953 წლით თარიღდება. ეს ინტერვიუ სასკოლო გაზეთისთვის იყო განკუთვნილი და ჟურნალისტის როლიც სკოლის მოწაფე შირლი ბლეინმა იკისრა. მეორე დღეს ინტერვიუ ამერიკის ნებისმიერ გაზეთში შეგეძლოთ წაგეკითხათ. ამ აჟიოტაჟმა საბოლოოდ გადააწყვეტინა მწერალს, ჩამოშორებოდა საზოგადოებრივ ცხორებას. ათი წლის შემდეგ კი სელინჯერმა თავისი შემოქმედების გამოქვეყნებაზეც უარი თქვა. დღეისათვის აკრძალულია სელინჯერის ნებისმიერი მოთხრობის ნებისმიერი სახით ეკრანიზირება. ამბობენ იმასაც, რომ მწერლის სურვილია მისი სიკვდილის შემდეგაც 50 წლის განმავლობაში არ გამოქვეყნდეს 1963 წლის შემდეგ დაწერილი არც ერთი მოთხრობა.
სელინჯერის მამა სოლ სელინჯერი, დაუზუსტებელი ცნობებით, ამერიკაში გადასახლებული ებრაელი გახლდათ, დედა - ირლანდიელი. ჯერომი ერთადერთი შვილი არ იყო, მას ჰყადა უფროსი და, დორისი.1934-1937 წლებში სელინჯერი პენსილვანიის სამხედრო სკოლაში სწავლობდა, თუმცა არც ისე წარმატებულად. სწორედ აქ დაიწყო ჯერომმა მოთხრობების წერა. სკოლის დამთავრებისთანავე მწერალი ნიუ-იორკში დაბრუნდა. 1940 წელს ჟურნალ "სთორი"-ში დაიბეჭდა მისი პირველი მოთხრობა "მოზარდები".მეორე მსოფლიო ომის დროს სელინჯერი ფრონტზე მთარგმნელად მუშაობდა. სწორედ აქ შეხვდა ის ერნესტ ჰემინგუეის. როგორც ყველა მისი ბიოგრაფი მოგვითხრობს, ჯერომი შეესწრო იმ მომენტს, როცა ჰემინგუეიმ გერმანული იარაღის დემონსტრირების მიზნით ქათამს თავი წააწყვიტა. როგორც ჩანს, ამ სცენამ ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა ახალგაზრდა მწერალზე. არის მოაზრება, რომ სწორედ ამ შეხვედრამ განაპირობა ის გარემოება, რომ სელინჯერი თავის მოთხრობებში ყოველთვის უარყოფითად იხსენიებს "ფიესტის" ავტორს.
1951 წელს დაიბეჭდა სელინჯერის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები "თამაში ჭვავის ყანაში" ამ რომანმა მწერალს არნახული წარმატება მოუტანა, რაც მას დიდ სიამოვნებას სულაც არ გვრიდა. იგი გაეცალა ხმაურიან ნიუ-იორკს და ნიუ-ჰემფშირის მიყრუებულ ქალაქში გადასახლდა.1955 წელს ჯერომი დაქორწინდა კლერ დუგლასზე, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი: გოგო, მარგარეტ ენი და ბიჭი, მეთიუ.
როგორც ამბობენ, ჯერომი დღემდე წერს საოცარ მოთხრობებს საოცარ ადამიანებზე.